უნგრეთს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო ეწვია. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მურაშკოსთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთს სურდა რუსეთთან "კომუნიკაციის არხები ღია ყოფილიყო" და გაეგრძელებინა "გონივრული და პრაგმატული თანამშრომლობა."

სიიარტომ ზოგადად დაგმო ომი და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა, მაგრამ ამავდროულად უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და რუსეთი ინტერვენციაში პირდაპირ არ დაადანაშაულა.

"ჩვენ ვგმობთ ომს ყველაზე მკაცრად, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვჯერა, რომ იარაღის მიწოდება ომს ახანგრძლივებს," - თქვა სიიარტომ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ გაუგზავნის.

მისი თქმით, რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტო Росатом სავარაუდოდ, 2030 და 2031 წლისთვის უნგრეთის ატომურ ელექტროსადგურზე ორ ახალ რეაქტორს ააშენებს.

სიიარტომ დაადასტურა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროპის მშვიდობის ფონდის შემდეგი ტრანშის გამოყოფას, რომელიც ევროკავშირის დახმარების პროგრამაა უკრაინისთვის, სანამ კიევი უნგრულ ბანკ OTP-ს ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან არ ამოიღებს.

თავის მხრივ, მურაშკომ განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს დაუჭერს რუსეთში მყოფი უნგრული კომპანიების მუშაობას.