სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიის - „ხმა - სოციალ-დემოკრატია" - თავმჯდომარე მატუშ შუტაი-ეშტოკი აცხადებს, რომ უკრაინა არასანდო პარტნიორია.
„ჩვენს აღმოსავლელ მეზობელთან სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და ამავდროულად გაუწოდა დახმარების ხელი უაზრო სამხედრო კონფლიქტს გაქცეულ ყველა ადამიანს“, - ციტირებს სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მატუშ შუტაი-ეშტოკს სლოვაკური გამოცემა ereport და აღნიშნავს, რომ ცნობილი გერმანიის კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, სლოვაკეთმა უკრაინას 3,48 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია, რაც სლოვაკეთის მშპ-ს 3,22%-ს შეადგენს და ეს, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მხარდაჭერის უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე აქვთ ისეთ მსხვილი ეკონომიკების ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, აშშ ან საფრანგეთი (ereport-ის თანახმად, სლოვაკეთის მიერ გაწეული დახმარება 10-ჯერ აღემატება საფრანგეთის, 8-ჯერ აშშ-ის და 3-ჯერ გერმანიის მიერ გაწეულ დახმარებას - „აიპრესი") და ამასთან, ეს ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის შესაძლებლობებს.
მატუშ შუტაი-ეშტოკის თქმით, სლოვაკეთის ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსულის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ზელენსკის მხრიდან სოლიდარობის საფუძვლიანი მოლოდინი გააჩნდა, სწორად შეაფასა სიტუაცია, წინასწარ მოემზადა ტრანზიტის შეჩერებისთვის და ამჟამად ქვეყანას გაზის საკმარისი მარაგები აქვს, თუმცა უკრაინის ეს ნაბიჯი პრინციპული მნიშვნელობის მქონეა და არა მხოლოდ ღალატობს აქამდე არსებულ ნდობას, არამედ ეჭვქვეშ აყენებს ურთიერთობებში უკრაინული მიდგომის სამართლიანობას და სანდოობას.
პრეზიდენტ ზელენსკის ამ ნაბიჯიდან გამომდინარე, სლოვაკეთის რესპუბლიკა დაკარგავს მილიონობით ევროს, თუმცა, გაზის მიწოდების შეწყვეტა სლოვაკეთისთვის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის. ეს არის სიგნალი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს სტაბილურობასა და თანამშრომლობას მთელ ევროპაში. ამიტომ აუცილებელია დიალოგის განახლება და ისეთი გადაწყვეტილებებისა და კომპრომისების ძიება, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგომომარაგების სტაბილურობას მომავალი წლებისთვის, - წერს სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და სლოვაკეთის კოალიციური მთავრობაში შემავალი პარტია „ხმა - სოციალ-დემოკრატიის" თავმჯდომარე მატუშ შუტაი-ეშტოკი