ასეთი შედეგი დააფიქსირა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2-17 დეკემბერს ჩატარებულმა გამოკითხვამ.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, უკრაინაში 38%-მდე გაიზარდა მათი წილი, ვინც რუსეთთან მშვიდობის მიღწევის სანაცვლოდ ტერიტორიული დათმობებისთვის არის მზად.
გამოკითხვის მიხედვით, შემცირდა იმათი წილი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რაიმე დათმობას. დეკემბრის მონაცემებით, უკრაინელების 51% ეწინააღმდეგებოდა ტერიტორიულ დათმობებს, ოქტომბრის დასაწყისში კი მათი რაოდენობა 58% იყო.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევების თანახმად, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში სიტუაცია შედარებით სტაბილური იყო: გამოკითხულთა დაახლოებით 8-10% მზად იყო ტერიტორიული დათმობებისთვის, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა - 82-87% - ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ დათმობას.
2023 წლის მაისის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა მათი წილი, ვინც მზად იყო ტერიტორიული დათმობებისთვის. 2023 წლის ბოლოსთვის დათმობაზე წასვლის სურვილი გაიზარდა 19%-მდე, 2024 წლის თებერვალში - 26%-მდე, 2024 წლის მაისში - 32%-მდე. 2024 წლის მაისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე ვითარება რეალურად არ შეცვლილა - ტერიტორიული დათმობებისთვის 32% იყო მზად.
ოქტომბრის დასაწყისთან შედარებით, ყველა რეგიონში შეიმჩნევა დათმობებზე წასვლის მზაობის გარკვეული მატების ტენდენცია. ამავდროულად, ყველა რეგიონში ნარჩუნდება ტერიტორიული დათმობის მომხრეებზე ტერიტორიული დათმობის მოწინააღმდეგეთა სიჭარბის ტენდენცია.