მონტანის შტატის დედაქალაქ ჰელენაში მცხოვრებმა ენტონი ოლსონმა ქიმიოთერაპიით 9-წლიანი მკურნალობის შემდეგ შეიტყო, რომ წმინდა პეტრეს ჰოსპიტლის ონკოლოგმა თომას ვაინერმა ლეიკიმიის დიაგნოზი შეცდომით დაუსვა. სიმართლე გარკვევის შემდეგ ოლსონმა უჩივლა საავადმყოფოს და საბოლოოდ საქმე სასამართლოს გარეშე, მორიგებით დასრულდა.

ენტონი ოლსონს სურდა ჰქონოდა კარიერა, ჰყოლოდა შვილები და პარტნიორი, რომელთან ერთადაც წავიდოდა ხანგრძლივ ლაშქრობებში. მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის ასაკში დაუსვეს დიაბეტის, შემდეგ ანემიის დიაგნოზი, 29 წლის ასაკში ჩატარებული თირკმლის ტრანსპლანტაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და ჰქონდა დიალიზის საჭიროება, იგი განაგრძობდა ოცნებას, სწავლობდა საბუღალტრო საქმიანობას მონტანის უნივერსიტეტში და იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა თითქმის სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობას.

ეს იმედი მას წაერთვა 2011 წლის დასაწყისში, როდესაც მონტანას დედაქალაქ ჰელენას წმინდა პეტრეს ჰოსპიტლის ონკოლოგმა თომას ვაინერმა მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) დიაგნოზი დაუსვა. სისხლის ამ დაავადების მქონე პაციენტებს, როგორც წესი, მოკლე დროში უვითარდებათ მწვავე მიელოიდური ლეიკიმია. გადაიზრდება. MDS-ით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა.

„მან მითხრა, რომ მკურნალობის გარეშე წლის ბოლომდე მოვკვდებოდი”, - ამბობს ოლსონმა, რომელიც იმ დროს 33 წლის იყო.

დიაგნოზი ეფუძნებოდა ძვლის ტვინის ორ ბიოფსიას, რომელთაგან მხოლოდ ერთი მიანიშნებდა MDS-ზე. მეორე გამოკვლევაში, რომელიც პირველიდან ათი თვის შემდეგ ჩატარდა, ეს ნიშანი აღარ შეიმჩნეოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ექიმმა ოლსონს მეორე ბიოფსიის შედეგების იგნორირება ურჩია. ეს გვიჩვენებს, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ამიტომ უნდა გაგრძელდეს. და გაგრძელდა კიდევაც... მთელი ცხრა წელი.

მე მას ვენდობოდი და მჯეროდა, რომ ის ჩემი სასიკეთოდ აკეთებდა ყველაფერს, სანამ სხვას არ გაუჩნდა ეჭვი და ამის შესახებ ჩემთვის არ გახდა ცნობილი, - ამბობს ოლსონი

მკურნალობის დასაწყისში ტესტებმა აჩვენა, რომ ქიმიოთერაპიამ გააუარესა ოლსონის ანემია. ვაინერმა ოლსონს დაუნიშნა რკინის შემცველი სისხლის ყოველკვირეული გადასხმა. 2016 წელს ექიმი რობერტ ლაკლერი, თირკმლის სპეციალისტი, რომელიც მეთვალყურეობდა ოლსონის დიალიზს, შეშფოთდა, რადგან ოლსონის სისხლში რკინის დონე სახიფათოდ მაღალი იყო. მან შეცვალა მედიკამენტები, რამაც გააუმჯობესა ანემია და რკინით გადატვირთვა. ამასთან, ეს გაუმჯობესება იმდენად დიდი იყო, რომ შესაძლებელი იყო ახალი თირკმელი მოეთხოვა, ეს კი დიალიზის საჭიროებას მოსპობდა და მის ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა, თუმცა, ის გარემოება, რომ ოლსენი ქიმიოთერაპიით მკურნალობდა, თირკმლის ტრაბსპლანტაციის საჭიროების მქონეთა რიგში მის ჩაწერას გამორიცხავდა.

2019 წელს, ლაკლერმა, რომელიც ეჭვობდა, რომ ვაინერმა, შესაძლოა, ოლსონს არასწორი დიაგნოზი დაუსვა, პაციენტს ურჩია სხვა სპეციალისტის აზრიც მოესმინა. ის წლების ინახავდა თავის ეჭვებს, რადგან ვაინერი ძლიერ გავლენიანი ფიგურა იყო. მას კვირაში 300-მდე, წლის განმავლობაში კი 15 ათასამდე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, წელიწადში 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, ექთნები მას აღმერთებდნენ, ხოლო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას, რომელიც მის მაღალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავდა, მუდამ ემუქრებოდა სასამართლოში ჩივილით და თანამშრომელთა დიდი ნაწილი ორი გენერალური დირექტორის სამსახურიდან დათხოვნას მის სახელს უკავშირებდა.

ლაკლერმა თავისი ეჭვები 2019 წლის ბოლოს ჰოსპიტლის საექსპერტო შეფასების კომიტეტის წევრებს გაანდო და გარკვეული ხნის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში, ჰოსპიტალმა ვაინერი, სხვა საკითხებთან ერთად იმაშიც დაადანაშაულა, რომ პაციენტებს ზიანი მიაყენა მკურნალობით, მათ შორის, ქიმიოთერაპიით, რისი კლინიკური ჩვენებაც არ იყო ან აუცილებლობა არ არსებობდა.

ვაინერმა საავადმყოფოს კონტრაქტის არასწორად შეწყვეტის და ცილისწამების გამო უჩივლა. ყოფილმა პაციენტებმა შექმნეს ფეისბუქ ჯგუფი სახელწოდებით „ჩვენ მხარს ვუჭერთ დოქტორ ტომ ვაინერს“ და ასობით საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მონტანის ტატის  მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ვაინერის სარჩელი. მან დავა ზემდგომ სასამართლოებში გააგრძელა და ამჟამად მისი ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ გაიწვიონ შტატის უზენაეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, რომელშიც ხელისუფლება სასამართლოს სთხოვს ვაინერის სარჩელის უარყოფას.

როდესაც ოლსონმა შეიტყო, რომ ვაინერი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ის აღშფოთდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მან დაკარგა ბრწყინვალე ექიმი, რომელიც მას წლები აჩუქა. მან არ იცოდა, რომ მისი ისტორია ჰოსპიტალმა სხვა ათეულობით საქმესთან ერთად რეცენზირებისთვის გადაუგზავნა სპეციალისტებს, მათ კი დაადგინეს, რომ ბიოფსიის პირველ ნიმუშში არსებული მახასიათებელს ხშირად შეჰყავს შეცდომაში ექიმები და ისინი არასწორ დიაგნოზს სვამენ. მეორე ნიმუშის შედეგი კი სწორედ ამ შეცდომის დადასტურება იყო და აჩვენებდა, რომ არანაირი დაავადება არ არსებობდა, თუმცა ვაინერმა ჩათვალა, რომ ქიმიოთერაპიამ იმუშავა და შედეგი დადგა.

მეორე ბიოფსიას, სულ მცირე, უნდა გამოეწვია დამატებითი ტესტები MDS-ის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად, - მიუთითეს რეცენზენტებმა და აღნიშნეს, რომ მიზეზის დაუდგენლად მკურნალობის შედეგად არაა გამორიცხული პაციენტისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება.

ვაინერი უარყოფს რეცენზენტების დასკვნა, რომ მას უნდა შეეწყვიტა ქიმიოთერაპია, როდესაც შემდგომი ბიოფსია უარყოფითი აღმოჩნდა.

„ეს არ ნიშნავს, რომ არ იყო დაავადება. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მკურნალობამ იმოქმედა", - ამბობს იგი.

კითხვაზე, თუ ქიმიოთერაპიამ დაავადება დაამარცხა, რატომ არ მოხდა მკურნალობის კორექტირება, მან უპასუხა, რომ მან მაიოს კლინიკის (კერძო აკადემიური სამედიცინო ცენტრი შეერთებულ შტატებში - „აიპრესი") ექსპერტების რჩევით კიდევ ცხრა წელი გააგრძელა ქიმიოთერაპია.

ოლსონი ამბობს, რომ მან სრულად ნახა სამედიცინო ჩანაწერები და ვაინერის ამ მტკიცებულების დამადასტურებელი ვერანაირი ჩანაწერი ვერ იპოვა.

ვაინერის კლინიკიდან დათხოვნის შემდეგ ოლსონს ჩაუტარდა კიდევ ერთი ბიოფსია, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. ჰოსპიტალმა ასევე ხელახლა შეამოწმა ნიმუში პირველი ბიოფსიიდან. შემოწმებამ აჩვენა, რომ ოლსონს არასდროს არ ჰქონია MDS და მისი მკურნალობა 2021 წელს შეწყდა.

ვაინერი უარყოფს პაციენტებისთვის სავარაუდო ზიანის მიყენების მაგალითებს, ამბობს, რომ არავის არ მოპყრობია ცუდად, თუმცა აღიარებს, რომ ოლსონი უმიზეზოდ დაშავდა.

ვგრძნობდი, რომ მას MDS ჰქონდა. მე გავაგრძელე მისი ამდაგვარად მკურნალობა, რათა ჩამეხშო და გამეკონტროლებინა რაც შეიძლება დიდხანს. ცხადია, რომ მცოდნოდა, რომ მას არასდროს ჰქონია MDS, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ანგარიშებიდან და ყველაფრით დავრწმუნდი, რომ მან უნდა გააგრძელოს მკურნალობა. ახლა, უკან ვიხედები და ვამბობ, რომ ტყუილად გაგრძელდა ქიმიოთერაპია და და ეს ის ნაწილია ამ ისტორიიდან, რასაც ვნანობ.

ოლსონისთვის ვაინერის ეს აღიარება13 წლის დაგვიანებით გაისმა. 2022 წელს მან უჩივლა წმინდა პეტრეს ჰოსპიტალს სამედიცინო შეცდომის გამო. ჰოსპიტალმა მიაღწია მასთან შეთანხმებას და გადაიხადა გაურკვეველი ოდენობის თანხა (ჰოსპიტალმა სახელმწიფოს 10,8 მილიონი დოლარი გადაუხადა ფედერალური ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში წარდგენილი ყალბი განაცხადების გამო, ვაინერის მიმართ კი, რადგან ის 25 წლის განმავლობაში არა კერძო პრაქტიკოსი, არამედ ჰოსპიტლის თანამშრომელი იყო, დევნა არ დაწყებულა). ოლსონმა, იმის გამო, რომ ორგანიზმში რკინის დიდი სიჭარბე აღარ ჰქონდა და ქიმიოთერაპიას აღარ იტარებდა, მიიღო უფლება გადაენერგა დონორის თირკმელი, 2023 წლის ზაფხულში გადაუნერგეს კიდევაც და ამჟამად აგრძელებს ბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემებთან და იცის, რომ აქვს შანსი, სიბერემდე იცოცხლოს.

ოლსონი ცდილობს, არ იფიქროს იმაზე, რაც შეემთხვა და უნდა ადამიანებში, მათ შორის, ვაინერშიც, კარგი დაინახოს, თუმცა ხანდახან ინტერესდება და სურს მისი ყოფილი ონკოლოგის მოტივაციაში:

„მან ეს მხოლოდ ფულისთვის გააკეთა? ფსონი დადო, რომ მე მოვკვდებოდი, თუ უბრალოდ იფიქრა, რომ ასე მეტ ფულის შოვნა შეეძლო?"