უკრაინაში მოკლეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 31-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრეი კონდრაშკინი. ამის შესახებ "ვოსტოკის" ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ განაცხადა, რომელიც 2014 წლიდან "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" დაჯგუფების შემადგენლობაში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა.
დაღუპვის გარემოებები არ სახელდება. კომენტარს არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აკეთებენ.
ცნობილია, რომ კონდრაშკინი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში. მან თავად ისაუბრა მინიმუმ სამ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობაზე. მედიის ცნობით, 31-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს 2014 წლის აგვისტოში დონეცკის რეგიონში, ილოვაისკის მახლობლად გამართულ ბრძოლებშიც.
უკრაინელი ჟურნალისტის იური ბუტუსოვის თქმით, კონდრაშკინის მეთაურობით ბრიგადა „მონაწილეობდა ომის ყველა მთავარ ბრძოლაში, დაწყებული ჰოსტომელის აეროპორტში დაშვებით“
ბუტუსოვი ირწმუნება, რომ ეს დანაყოფი ახლა ბახმუტთან ახლოსაა განთავსებული. მისი თქმით, კონდრაშკინმა მოიგერია უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადის შეტევები. უკრაინელმა სამხედროებმა ანდრეევკაში შეაღწიეს, კერძოდ, იმ ტერიტორიაზე, სადაც მოკლული რუსი პოლკოვნიკის ბრიგადა მოქმედებდა, – იუწყება ჟურნალისტი.