უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, 25 მაისს უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 106 სამხედრო გაათავისუფლა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებაზე იბრძოდნენ. მათ შორის 8 ოფიცერი და 98 სერჟანტია.

„ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის გმირულად, მათმა გმირობამ მტერს არ მისცა შესაძლებლობა ჩვენი აღმოსავლეთით სიღრმეში წასულიყვნენ. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია“, - ამბობს ერმაკი.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ბევრია ისეთი, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად იყვნენ მიჩნეული.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის დაკარგულად მიჩნეული იყო 68  ჯარისკაცი.

ასევე დაზვერვის ცნობით, უკრაინულ მხარეს გადაეცა სამი ცხედარი - ორი უცხო ქვეყნის მოქალაქის და ერთი უკრაინელის.

გათავისუფლებულთა შორის 98 უკრაინის შეიარაღებულ ძალების წარმომადგენელია, 21 - ტერიტორიული თავდაცვის.

ასევე სახლში დაბრუნდა 7 მესაზღვრე და ერთი ტრანსპორტის სახელმწიფო სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე.

სულ მცირე 7 გადარჩენილს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება: ცეცხლსასროლი ჭრილობები, დამწვრობა და მოტეხილობები, ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

გათავისუფლებულთა შორის ყველაზე უფროსი 59 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი 21-ის.

უკრაინამ ტყვეების გაცვლის ფარგლებში სახლში სულ 2 430 ადამიანი დააბრუნა, მათ შორის 139 სამოქალაქო პირია.