უკრაინა თურქეთისგან აშშ-ში წარმოებული შეიარაღების დიდ პაკეტს იძენს, რომელიც 70 ერთეულ ATACMS-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტას და M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მოიცავს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილი ოფიციალური შეტყობინების თანახმად, აღნიშნული გარიგების საერთო ღირებულება დაახლოებით 280-283 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეიარაღების პაკეტში 70 რაკეტასთან ერთად შედის 12 ერთეული M270 სისტემა, 2 500-ზე მეტი 227-მმ-იანი და 47 000 ერთეული 203-მმ-იანი კასეტური საარტილერიო ჭურვი.  

ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, მესამე ქვეყნიდან აშშ-ის წარმოების იარაღის რეექსპორტს ვაშინგტონის თანხმობა სჭირდება. კონგრესს 15-დღიანი ვადა აქვს გარიგების განსახილველად ან დასაბლოკად, რის შემდეგაც გადაცემის პროცესი ავტომატურად დამტკიცდება და, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დაიწყება.  

გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული ტრანზაქცია თურქეთს საშუალებას აძლევს, ძველი მარაგები გაყიდოს და მიღებული ფინანსური რესურსები საკუთარი არსენალის მოდერნიზაციისკენ მიმართოს, ხოლო უკრაინა ამით საკუთარ თავდაცვით და თავდასხმით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.