ნატა ვიბლიანის საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
🔹ტარიელ კაკაბაძე: ნატა ვიბლიანის საქმეზე საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს სიახლეს.
დაიდება პირველი მნიშვნელოვანი შედეგი - ნატას ოფიციალურად სცნობენ დაზარალებულად! ✔️
🔹საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. ყველაფერი კეთდება სიმართლის დასადგენად!
🔹ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო ზემო - სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ხელს უშლის გამოძიებას. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია გამოძიებასთან და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი რამ არ გამოკვეთილა. მსგავს ფაქტს რომ ადგილი ჰქონოდა, მე ვერავინ დამასწრებდა უმკაცრეს რეაგირებას!
🔹გთხოვთ, ნუ მიაწვდით ნატა ვიბლიანს გადაუმოწმებელ ინფორმაციას!
🔹ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება შეაფერხოს გამოძიება.
🔹თუ მე დავინახავ, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მართლაც ახდენს გამოძიებაზე ზეწოლას, მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ ხმას ამოიღებს. ეს გამიკეთებია არაერთ საქმეზე და მომავალშიც გავაკეთებ!
🔹შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინანდელ დანაშაულებრივ ფაქტებზე ახლახანს დაიწყო გამოძიება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ რეალობაში. გვიწევს ძალიან ძველი ფაქტების აღდგენა, რაც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული.
დაგველოდეთ…- წერს ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ:
ნატა ვიბლიანი საქმეზე გამოძიება 1 თვის წინ მესტიის პოლიციაში სისხლია სამართლის კოდექსის 137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30 პირი და საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, 44 წლის ნატა ვიბლიანი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში 35 წლის მომხდარ საზარელ დანაშაულზე საჯაროდ ალაპარაკდა. რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ 9 წლის ასაკში მისი ნათლიის ძმამ გააუპატიურა, რის შემდეგ მასზე სექსუალური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
მისი განცხადებით, ის 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. აცხადებს რომ ძალით ამშობიარეს, ჩვილის ხმაც კი გაიგონა, მის შემდეგ კი ბავშვის შესახებ არაფერი იცის.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ მასზე ძალადობის და გაუპატიურების შესახებ სოფელში ყველამ იცოდა, თუმცა მის დასაცავად არავინ გამოსულა. ბოლოს კი თანასოფლელებმა და ნათესავებმა სოფლიდან გააძევეს.
ინფორმაციისთვის, გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.




