აზერბაიჯანის რკინიგზამ განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის რეისების გაზრდისთვის "ბაქო მზადაა, თუმცა თბილისი ამისთვის მზად არ არის".
აზერბაიჯანის რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რამილ ნადიროვის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელზე ბილეთების დეფიციტი არსებობს და მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, დეფიციტის გამო კი მგზავრები ხშირად ბილეთების გარეშე რჩებიან, განსაკუთრებით, ზაფხულისა და დღესასწაულების პერიოდში.
მისი თქმით, პრობლემაა აგრეთვე ის გარემოება, რომ ბოლო დროს საქართველოს მხარეს სასაზღვრო კონტროლი მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება.
„აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე დამატებითი რეისი დაგეგმა და მატარებელი მზადაა. თუმცა, ქართული მხარე ამ მატარებლის მისაღებად მზად არ არის. საქართველოს მხარეს გარკვეული ტექნიკური სირთულეები აქვს. მაგალითად, სადგურზე მანევრირებისა და სხვა მატარებლების გადაადგილების დროს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. გარდა ამისა, საქართველოს სასაზღვრო სამსახური ჯერ არ არის მზად დამატებითი მატარებლის შემოწმების ჩასატარებლად“, - ამბობს ნადიროვი.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო რკინიგზის მომსახურება პანდემიის გამო 2020 წლის მარტში შეჩერდა. ექვსწლიანი შესვენების შემდეგ, ამ მარშრუტზე რეგულარული სამგზავრო მომსახურება 2026 წლის 26 მაისს აღდგა.
Qavqazinfo-ს თანახმად, ბოლო დღეებში საქართველოში ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანმა გათიშვამ ასევე იქონია გავლენა ბაქო-თბილისის მატარებლის მომსახურებაზეც.
შეგახსენებთ, „ბაქო-თბილისი-ბაქოს“ სამგზავრო მატარებლით მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ „აიპრესი“ ადრეც წერდა.




