ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული პრესა ავრცელებს, რომელსაც ეყრდნობა სი-ენ-ენი და სხვა უცხოური გამოცემები.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე განცხადება გაავრცელა ჰამასმა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰანია მოკლეს ისრაელის "რეიდის" დროს, მას შემდეგ რაც მან მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში.

ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურნენ ისრაელის სამხედროები და თქვეს, რომ ისინი უცხოური პრესის ინფორმაციაზე არ ახდენენ რეაგირებას.

როდის მოკლეს ჰამასის ლიდერი და რა გარემოებაში, ჯერჯერობით უცნობია. ირანის პრეზიდენტის ინაუგურაცია სამშაბათს იყო და ჰამასის ლიდერის ფოტოებიც ამ დღეს გამოქვეყნდა. 

ეს მკვლელობა ჰამასისთვის დიდი დარტყმაა, რადგან ჰანია მათთვის საკვანძო ფიგურა იყო, რომელიც ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მძევლების გათავისუფლების და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში.

 ისმაილ ჰანია 1963 წელს დაიბადა ღაზის სექტორში განთავსებულ შატის ლტოლვილთა ბანაკში, სწავლობდა გაეროს სკოლებში, რომლებიც ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი და 1987 წელს დაამთავრა ისლამური უნივერსიტეტის არაბისტიკის ფაკულტეტი. ჯერ სტუნდეტ აქტივისტებს შორის იყო, მოგვიანებით კი დაუახლოვდა ჰამასის დამფუძნებელს, შეიხ აჰმედ იასინს, რომელიც 2004 წელს ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშისას დაიღუპა.

მანამდე, 1992-ში, ჰანიას ემიგრაციაში წასვლა მოუწია, როცა ის და ჰამასის კიდევ 400-მდე აქტივისტი ისრაელმა ლიბანში გააძევა. ერთ წელიწადში ჰანია ღაზაში დაბრუნდა და ისლამური უნივერსიტეტის დეკანიც გახდა.