კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატების დასრულების შემდეგ, სუპერვარსკვლავმა, მომღერალმა ტეილორ სვიფტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰარისს.

"ბევრი თქვენგანის მსგავსად, დღევანდელ დებატებს მეც ვუყურე. თუ აქამდე არ იცოდით, ახლა ძალიან კარგი დროა ჩვენი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანდიდატების პოზიციის გასაგებად. როგორც ხმის მიმცემი, რაც შემიძლია ყველაფერს ვუყურებ და ვკითხულობ მათ მიერ შემოთავაზებული პოლიტიკისა და ქვეყანასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ.

ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ დონალდ ტრამპის საიტზე AI-ს მიერ შექმნილი გამოსახულება დაიდო, სადაც თითქოს მას მხარს ვუჭერ. ამ ინციდენტმა ჩემი შიშები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გაამძაფრა და დეზინფორმაციის გავრცელების საშიშროებაზე ჩამაფიქრა. დავასკვენი, რომ ამ არჩევნებზე ჩემი პოზიციის შესახებ გამჭვირვალე უნდა ვყოფილიყავი, როგორც ხმის მიმცემი. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი გზა სიმართლის თქმაა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცისთვის ვაპირებ. კამალა ჰარისს ხმას ვაძლევ, რადგან იმ უფლებებისა და საკითხების გადაჭრისთვის იბრძვის, რომელსაც მებრძოლის სულისკვეთება სჭირდება. ვფიქრობ, რომ ის აუღელვებელი, ნიჭიერი ლიდერია და მჯერა, რომ ეს ქვეყანა უფრო მეტს მიაღწევს, თუ სიმშვიდე გვიხელმძღვანელებს და არა ქაოსი. გული ამიჩუყა და გამაოცა იმან, რომ პარტნიორად ჰარისმა ტიმ უოლცი აირჩია, რომელიც უკვე ათწლეულებია, მხარს უჭერს ლგბტ უფლებებს, ხელოვნურ განაყოფიერებას, და ქალთა სხეულებრივ დამოუკიდებლობას.

ინფორმაცია მოვიძიე და არჩევანიც გავაკეთე. თქვენი კვლევა თქვენი ჩასატარებელია და არჩევანიც თქვენია," — დაწერა ტეილორ სვიფტმა.

ჰარისის მხარდამჭერი პოსტის ბოლოს ტეილორ სვიფტმა საკუთარ თავს Childless Cat Lady (კატების მოყვარული უშვილო ქალი) უწოდა. დონალდ ტრამპი სწორედ ასე მოიხსენიებს კამალა ჰარისს და ამით მის დაკნინებას ცდილობს.