NATO-ს გენერალური მდივანი პირობას დებს, რომ უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, ვიდრე ის ომში არ გაიმარჯვებს.

ნორვეგიაში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგი, თავისი ოფისის უფროსის სტიან იენსენის განცხადებასაც გამოეხმაურა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ალიანსში მიმდინარეობს შიდა დისკუსიები იმის თაობაზე, თუ როგორ დასრულდეს ომი; თუმცა სტოლტენბერგმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს.

„NATO-ს პოლიტიკა და როლი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ უცვლელია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მანამდე NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.