უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ეხმაურება ნატოს წარმომადგენლის განცხადებას უკრაინის მხრიდან რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ ალიანსში გაწევრიანებაზე.

ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.

"უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის მივიჩნევდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობენ ტერიტორიებით.

ნატოს ოფიციალური პირების გააზრებული თუ გაუაზრებელი მონაწილეობა იმ ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ თავის ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. პირიქით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში შედის უკრაინის გამარჯვების დაჩქარებისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების გზების განხილვა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.