აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პირობას დებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ვიდრე უკრაინელები არ დარწმუნდებიან, რომ მოსკოვი მათ წინააღმდეგ იარაღს აღარ გამოიყენებს.

ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტის“ სტატიაშია ნათქვამი.

„შეთანხმება არ იქნება, თუ უკრაინა და მისი ხალხი არ დაიჯერებს, რომ მათ შეუძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება. ეს უნდა იყოს საბოლოო შედეგი – მშვიდობის რეალობა. მე მჯერა, რომ ამისთვის საჭირო იქნება შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი პროტოკოლები, რომლებსაც მხარს დაუჭერს ევროპის მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები“, – განაცხადა უიტკოფმა.

როგორც უიტკოფმა აღნიშნა, მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შესაძლებელია.

მისი თქმით, ეს იქნება გარღვევა, რომელიც კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება.

ცნობისთვის,  ჟენევაში დღეს უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.