ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთში ოფიციალურ ვიზიტს 20-22 მარტს გამართავს. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს მოეწერება ხელი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სტუმრობა რუსეთში იქნება მეგობრული ვიზიტი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი დაიცავს ობიექტურ პოზიციას უკრაინის მიმართ და შეასრულებს კონსტრუქციულ როლს მოლაპარაკებების წინსვლაში.