შვეიცარიის მთავრობამ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თანამოაზრეების აქტივების ჩამორთმევის მიზნით, რომლებიც ქვეყანაში გაყინულია 2014 წლის თებერვალში უკრაინაში რევოლუციის შემდეგ, გადაწყვიტა, ადმინისტრაციული პროცედურა დაიწყოს. საუბარია 130 მლნ შვეიცარიულ ფრანკზე (131,7 მლნ ევრო).
ბერნში მიაჩნიათ, რომ ამ თანხებს უკანონო წარმოშობა აქვს. მათი კონფისკაციის პროცედურის დაწყებით შვეიცარია მხარს უჭერს უკრაინას, ნათქვამია პრესრელიზში. ამასთან, მითითებულია, რომ კონფისკაციის გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის წინააღმდეგ 2022 წელს დაწესებულ სანქციებთან.
2014 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების გადაყენებიდან რამდენიმე დღეში, ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა, გაეყინა შვეიცარიაში არსებული ყველა აქტივი, რომელიც ეკუთვნოდა იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას. მომდევნო თვეებში უკრაინამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ამ თანხების კონფისკაციაზე და შვეიცარიის ხელისუფლებას თანამშრომლობის თხოვნით რამდენიმე წერილი გაუგზავნა.
მას შემდეგ შვეიცარიამ უკრაინას მიაწოდა მრავალი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულება. ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებას შეექმნა გარკვეული სირთულეები იანუკოვიჩის გარემოცვის აქტივების ჩამორთმევის მცდელობისას.
"აქამდე მათ ვერ მიიღეს სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების კონფისკაციის შესახებ. რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 2022 წელს, სერიოზულად გაამწვავა ეს სირთულეები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფედერალური საბჭო მიიჩნევს, რომ კონფისკაციის პროცედურის დაწყება, რომელიც ეფუძნება უკანონო უცხოური აქტივების აქტს (FIAA) ახლა უკვე შესაძლებელია", - ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ შვეიცარიის ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სისტემა არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მათი კონფისკაციის საკითხზე. კონფისკაციის შემთხვევაში, აქტივები უკრაინის მოსახლეობას საერთაშორისო შეთანხმებით დაუბრუნდება.