ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ უარყო ესპანეთის მოთხოვნა უკრაინისათვის 35 მმ-იანი საზენიტო იარაღის გადაცემის შესახებ.
მკაცრი ნეიტრალიტეტის კურსის და საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონის დაცვის მოტივით, ბერნმა ადრე გერმანიასა და დანიას აუკრძალა შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემა. გერმანიას სურდა უკრაინისთვის გადაეცა „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო ქვემეხების საბრძოლო მასალა, დანიას კი 22 ქვეითი საბრძოლო მანქანა „პირანია", თუმცა, საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონის თანახმად, ასეთი ექსპორტი დაუშვებელია, თუ მიმღები ქვეყანა მონაწილეობს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.
ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს სპიკერის განმარტებით, ამ კანონიდან გამომდინარე და აგრეთვე კონფლიქტში მყოფი მხარეების მიმართ ნეიტრალიტეტის კანონით განსაზღვრული თანაბარი მოპყრობის პრინციპის საფუძველზე, ესპანეთის მოთხოვნამ ასევე მიიღო „უარყოფითი პასუხი“.