ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ შაბათს, 11 ივლისს, წერილობითი მიმართვა გაავრცელა, სადაც თებერვლის ბოლოს ისრაელ-ამერიკის ერთობლივი ავიადარტყმების შედეგად დაღუპული მამის, ალი ხამენეის გამო შურისძიება დააანონსა.
მისი განცხადებით, „შურისძიება გარდაუვალად უნდა აღსრულდეს“, ხოლო პასუხისმგებელი პირების სახელები სპეციალურ სიაში უკვე შეყვანილია და ისინი „მშვიდად სიკვდილს ვერ ეღირსებიან“.
ეს მოჯთაბა ხამენეის პირველი განცხადებაა მარტში მისი დანიშვნისა და მიმდინარე კვირაში გამართული მამის დაკრძალვის შემდეგ.
ირანის მხრიდან მზარდი მუქარის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი მისი მკვლელობის მცდელობის გეგმებში დაადანაშაულა და პლატფორმა Truth Social-ზე მკაცრი საპასუხო განცხადება გაავრცელა.
ტრამპის თქმით, ამერიკულ არმიას უკვე მიღებული აქვს ბრძანება და სრული მზადყოფნაა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანის ყველა რეგიონი მთლიანად განადგურდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ისლამური რესპუბლიკისკენ ამ დროისთვის უკვე მიმართულია 1000 რაკეტა, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად არის გამოსასროლად.
რიტორიკის უკიდურესი გამწვავება მხარეებს შორის განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს მოჰყვა, რომლებიც ამჟამად შეჩერებულია. აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე იერიშები მას შემდეგ მიიტანა, რაც თეირანს ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტეში სამ სავაჭრო გემზე თავდასხმა დააბრალა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამერიკულ საჰაერო დარტყმებს 17 ირანელი ემსხვერპლა, ხოლო 115 დაშავდა.




