საფრანგეთში, ზემო რეინის დეპარტამენტის სოფელ ჰაგენბახში, მამამ აღიარა, რომ საკუთარი 9 წლის ვაჟი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სატვირთო ფურგონში ჰყავდა გამოკეტილი.
800-კომლიანი დასახლების მცხოვრებლები შოკში არიან.
„ეს წარმოუდგენელი საშინელებაა. ვერ ვიჯერებთ, რაც მოხდა“, — ამბობს ადგილობრივი მცხოვრები დანიელი.
ორშაბათს, 6 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ერთ-ერთმა მეზობელმა ჟანდარმერია მას შემდეგ გამოიძახა, რაც ეზოში გაჩერებული ფურგონიდან ბავშვის ხმა გაიგონა.
მანქანის შიგნით სამართალდამცავებმა სრულიად შიშველი, გამოფიტული 9 წლის ბიჭი იპოვეს, რომელიც ნაგვისა და ფეკალიების გროვაში იწვა.
ხანგრძლივი უმოძრაობის გამო ბავშვს ფეხზე დგომაც კი აღარ შეეძლო. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
„ეს ნამდვილი საშინელებაა“, — იმეორებს 63 წლის დანიელი, რომელიც ბავშვის სახლის პირდაპირ ცხოვრობს. „როცა გავიგეთ, რომ ეს პატარა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ფურგონში იყო გამოკეტილი, ვიფიქრეთ, რომ ეს შეუძლებელია. როგორ გადაიტანა ზამთარი, საერთოდ, სიცივეში და ნორმალური კვების გარეშე“, — კითხულობს ის.
კიდევ ერთი მეზობელი, ლორენი, აცხადებს, რომ ბავშვის მამას რეგულარულად ხვდებოდა, როდესაც დილაობით შვილები სკოლაში მიჰყავდა. მას მომხდარის დაჯერება ახლაც უჭირს: „არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ მას შვილი ფურგონში ჰყავდა დამწყვდეული. ყოველთვის გგონია, რომ ასეთი რამ სადღაც სხვაგან ხდება, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ეს შენს მეზობლადაც შეიძლება მოხდეს“.
ამ პატარა სოფელში, სადაც 800 ადამიანი ცხოვრობს, ყველა ყველას იცნობს. „ძალიან მშვიდი უბანია, ხმაური იშვიათობაა. ეს ნამდვილი შოკი იყო, რადგან ამ ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. მათ ხშირად ვხვდები ძაღლის გასეირნებისას ან მეგობრებთან ერთად სეირნობის დროს. ერთმანეთს ყოველთვის ვესალმებით. მომხდარი ძალიან უცნაურია“, -ამბობს 18 წლის ფრანჩესკო.
გამომძიებლებთან საუბრისას, ბავშვის მამამ აღიარა, რომ შვილი ფურგონში 2024 წლის ნოემბრიდან ჰყავდა გამოკეტილი და აიძულებდა, ბუნებრივი საჭიროებები პლასტმასის ბოთლებსა და პარკებში დაეკმაყოფილებინა.
მამის განმარტებით, ის ამას საკუთარი პარტნიორი ქალისგან ბავშვის „დასაცავად“ აკეთებდა, რადგან მას ბიჭის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსება სურდა. 37 წლის ქალმა, რომელიც ბავშვის დედა არ არის, ფაქტები უარყო. მას ბრალი წარედგინა არასათანადო მოპყრობის ფაქტის შეუტყობინებლობის მუხლით.










