საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო, აცხადებს, რომ ოფიციალური პარიზი „კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს“.
მინისტრის ეს განცხადება დონალდ ტრამპის იმ მუქარას მოჰყვა, სადაც ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანული ცივილიზაცია „ამ საღამოს მთლიანად განადგურდება“. ჟან-ნოელ ბარომ გააფრთხილა მხარეები, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი მუქარას აღასრულებს, ეს რეგიონს კონფლიქტის „ესკალაციის ახალ ფაზაში“ გადაიყვანს.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული ვადა მისცა ირანს, რომლის თანახმადაც ირანმა შეთანხმებას სამშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები საჰაერო იერიშების მასშტაბურ გაძლიერებას გეგმავს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის „განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი“ და ხაზგასმით მიანიშნა უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო ოპერაციაზე.








