NATO-ს გაფართოების ფონზე, რუსეთმა ორი ახალი სამხედრო ოლქი შექმნა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ლენინგრადის და მოსკოვის სამხედრო ოლქების შექმნა საგრძნობლად გაზრდის ჯარების მართვისა და კონტროლის ეფექტურობას.
„რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების და ალიანსის გაფართოების ფონზე, ფინეთის და მომავალში შვედეთის ხარჯზე, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებებში ჯარის გასაძლიერებლად. შეიქმნა შეიარაღებული ძალების ორი სახეობათაშორისი სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება – ლენინგრადის და მოსკოვის სამხედრო ოლქები. ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და სტრუქტურის გაუმჯობესებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილი საფრთხეების პროპორციულად“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.