რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთი "მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გეგმავს".
"გენერალურ შტაბში დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება. შეიარაღებულ ძალებს ჰყავს სამხედრო პერსონალის საჭირო რაოდენობა შეტევის განსახორციელებლად. მხოლოდ სექტემბერში, სავარაუდოდ, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა გააფორმა კონტრაქტი, საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან კი 335 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა რუსეთის ჯარს", - ამბობს შოიგუ.
რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა 2022 წლის 21 სექტემბერს, ფრონტზე წარუმატებლობის სერიის შემდეგ. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ ეს გენერალური შტაბის რეკომენდაციით გაკეთდა. ოფიციალური მონაცემებით, ჯარში 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს რეზერვიდან. მობილიზაციის განკარგულება კვლავაც მოქმედებს, რომლის თანახმად, მობილიზებულები ჯარიდან დაბრუნებას მხოლოდ ეგრეთ წოდებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“, ანუ უკრაინის ომის, დასრულების შემდეგ შეძლებენ.
რუსეთში ამჟამად მიმდინარეობს შემოდგომის გაწვევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. გასულ წელს გაწვევის დაწყება მობილიზაციის გამო გადაიდო. კომენტატორები აღნიშნავენ, რომ სამხედრო უწყებისთვის იოლი არ იქნებოდა ერთდროულად ორი გაწვევის ორგანიზება - წვევამდელებისა და მობილიზებულისა, ამიტომ, ბევრის აზრით, საშემოდგომო გაწვევის დასრულებამდე მობილიზაციის ახალი ტალღის ალბათობა დაბალია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალწვეულებს ფრონტზე არ გაგზავნიან. თუმცა, მიმდინარე წლიდან ახალწვეულებს თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება ეძლევათ სამხედრო სამსახურის პირველივე დღიდან.