რუსეთი აცხადებს, რომ სრულად დაიკავეს ქალაქი მარინკა, უკრაინელები კი ამბობენ, რომ ქალაქის სრულად დაკავებაზე საუბარი არაკორექტულია.  

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ რუსეთის ჯარებმა სრულად დაიპყრეს დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით 5 კმ-ში მდებარე ქალაქი მარინკა, რაც, სინამდვილესთან შესაბამისობის შემთხვევაში, რუსეთის მხარის მიერ მაისში ბახმუტის დაკავების შემდგომ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

„ჩვენ ძალებს ახლა შესაძლებლობა აქვთ უფრო ფართო არეალი დაფარონ ოპერაციებით“, - ამბობს პუტინი შოიგუსთან საუბრისას ჩანაწერში, რომელიც კრემლის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა.

ტავრიდის მიმართულების თავდაცვის ძალების სპიკერმა ალექსანდრე შტუპუნმა ეს ინფორმაცია ტელემარათონზე უარყო.

„მარინკისთვის ბრძოლა გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედროები მარინკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ მარინკის სრულ დაკავებაზე საუბარი - არაკორექტულია“, - განაცხადა შტუპუნმა.