27 ივნისს, 17 წლის ნაელ მ.-ს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთში, უკვე მეხუთე ღამეა, არეულობებია. 2 ივლისის ღამეს, პოლიციამ 719 ადამიანი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

30 ივნისიდან 1 ივლისის ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 1300 ადამიანი დააპატიმრეს. 2 ივლისის ღამეს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ცალკეული შეტაკებები მოხდა მარსელში, ნიცასა და სტრასბურგში. კერძოდ, მარსელის ცენტრში შეტაკებები პოლიციასა და მებრძოლ ახალგაზრდებს შორის გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამ შეხლა-შემოხლის დროს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარიზში, სამართალდამცველები, ელისეის მინდვრებს გაძლიერებული ძალებით პატრულირებდნენ.

1 ივლისს, დედაქალაქის გარეუბანში, ნანტერში, ნაელის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. მეჩეთში, სამგლოვიარო ღონისძიებაზე, ასობით ადამიანი შეიკრიბა, წერს გაზეთი Le Figaro. გარდაცვლილის ახლობლების თხოვნით, მედიის წარმომადგენლებს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე და დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

იმავე დღეს, 1 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს აცნობა, რომ გერმანიაში, 2-4 ივლისისთვის დაგეგმილი მისი ვიზიტი გადაიდო. გერმანიის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტაინმაიერი მწუხარებას გამოთქვამს მაკრონის ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ, საფრანგეთში არსებული ვითარების ფონზე, ეს მისთვის სრულიად გასაგებია.

ახალგაზრდა მძღოლის ნაელ მ.-ს მკვლელობის გამო პროტესტი პარიზთან 28 ივნისს ღამით დაიწყო. გზაზე, შემოწმების დროს, მოზარდმა პოლიციელის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც, პოლიციელმა მას ესროლა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომდევნო ოთხი ღამის განმავლობაში არეულობები იყო საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ტულუზაში, მარსელში და სტრასბურგში. რიგ რაიონებში, არეულობის მონაწილეთა ჯგუფებმა მაღაზიები გაძარცვეს და მანქანები და სანაგვე ურნები დაწვეს. ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, ათიათასობით პოლიციელის გაგზავნის ბრძანება გასცა.

მომხდარის გარემოებების დასადგენად, სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ. 38 წლის პოლიციელი, რომელმაც, სავარაუდოდ, მოზარდს ესროლა, დაკავებულია. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.