საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის ინფორმაციით, ქვეყანაში სამდღიანი საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის შემდეგ 667 ადამიანია დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი Twitter-ზე წერს, პოლიცია და მეხანძრეები გაუგონარი ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელმაც გასულ ღამეს ქვეყანა მოიცვა.

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს, პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი მოკლა.

პარიზის გარეუბანში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში არეულობის დროს დაწვეს მანქანები, დაარბიეს მაღაზიები. საფრანგეთის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომლის გასროლას მოზარდი ემსხვერპლა.