17 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინის მასშტაბით რამდენიმე რეგიონზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები ნიკოლაევში, ლვოვში და დნეპროპეტროვსკში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 120 რაკეტა და 90 დრონი გამოუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 140 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
ნიკოლაევში რუსეთის თავდასხმას ორი ქალი ემსხვერპლა, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის თავდასხმისა და საწყობის დაბომბვის შედეგად რკინიგზის 2 თანამშრომელი დაიღუპა. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ლვოვის ოლქში, ჩერვონოგრადის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი მამაკაცი. ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა გათბობის მთავარი მილი, რის გამოც 6 ათასი მომხმარებელი დროებით გათბობის გარეშე დარჩა, 12 ავტოფარეხს ხანძარი გაუჩნდა.