რუსეთის ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს ტაკერ კარლსონთან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ აჩვენეს. ჩვენების შემდეგ, მათ კონკრეტული შეკითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხი. ამის შესახებ ტელეკომპანია "Дождь" წერს.

რუსულ სკოლებში, ტაკერ კარლსონთან ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს მიხედვით, ვიქტორინა ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამის მიზანი ომის პროპაგანდასთან ბრძოლა იყო.

ვიქტორინა სახელწოდებით "რუსეთიდან რუსეთამდე", კერძოდ, ტურინის №1 სკოლაში (სვერდლოვსკის ოლქი), ქალაქ ვიშნი ვოლოჩეკის №19 სკოლაში (ტვერის ოლქი), კიზილიურტის (დაღესტანი) სკოლებში ჩატარდა. ასევე, ურალის მშენებლობის, არქიტექტურისა და მეწარმეობის კოლეჯში (ეკატერინბურგი).

მოსწავლეებმა ტაკერ კარლსონთან ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს უყურეს, შემდეგ კი სხვადასხვა შეკითხვებს უპასუხეს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების და "სიტყვა "უკრაინის" თავდაპირველი მნიშვნელობის შესახებ".

მაგალითად, ერთ-ერთი შეკითხვა ასე ჟღერდა: "რომელი ვარიანტი არ შეესაბამებოდა "უკრაინელებს" მე -13 საუკუნეში?" (ა. "მესაზღვრე"; ბ. "ზღვართან მცხოვრები"; გ. "სასაზღვრო მიწის მკვიდრი"; დ. "ქვეყანა უკრაინის მცხოვრებელი").