რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„ვლადიმერ პუტინის დავალებით, სერგეი ლავროვმა ოფიციალურად აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ მიმდინარე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იწყებენ კიევში განლაგებულ, უკრაინის სამხედრო ძალების საჭიროებისთვის გამოყენებულ ობიექტებსა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე სისტემატურ და თანმიმდევრულ დარტყმებს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ლავროვმა ამერიკელ კოლეგას ასევე შეახსენა რეკომენდაცია უკრაინის დედაქალაქიდან დიპლომატიური პერსონალისა და სხვა მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ და აშშ-ის ინიციატივით ანკორიჯში უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
„საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა გაცვალეს აზრები ჰორმუზის სრუტეში კრიზისის დაძლევის დიპლომატიური ინიციატივებისა და კუბის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, რუბიომ და ლავროვმა ასევე გამოხატეს ორმხრივი მზაობა, რომ უთანხმოებების მიუხედავად, გააქტიურონ ძალისხმევა ერთმანეთის ტერიტორიაზე რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების საქმიანობის პირობების ნორმალიზებისთვის.










