მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი "საგარეო მინისტრი", მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც საქართველოში პატრიარქ ილიას დაკრძალვაზე რუსეთის დელეგაციის წევრად იმყოფებოდა, ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს.
მიტროპოლიტის Telegram არხის მიხედვით, ის 24 მაისს, ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარიში დააკავეს, სადაც ის 2024 წლის ბოლოს გაგზავნეს. ილარიონი ადრე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.
"კარლოვი-ვარიში წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტი ილარიონი და მისი თანმხლები ოპერატორის მანქანა გააჩერეს. მიტროპოლიტისა და მისი დაცვის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა არ წარმოადგინეს გაჩერების ნათელი მიზეზი.
საბარგულის ჩხრეკისას აღმოაჩინეს თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი. ნივთიერების შემადგენლობა, წარმოშობა და ბუნება კომპეტენტურმა ექსპერტმა უნდა დაადგინოს," - წერია Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ილარიონმა ბრალდებას "პროვოკაცია" უწოდა და განაცხადა, რომ "არანაირი კავშირი" არ აქვს და არც არასდროს ჰქონია ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან.
"ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, ასეთი რამის ვარაუდიც კი სრულიად მცდარია. მე მოვითხოვ მომხდარის სრულ, დამოუკიდებელ და პროცედურულად უნაკლო გამოძიებას," - განაცხადა ილარიონმა.
მიტროპოლიტ ილარიონის ადვოკატი, ჩეხეთში ებრაული ეროვნული ფონდის თავმჯდომარე მიხალ პაკოვსკი აცხადებს, რომ ორი საპოლიციო ეკიპაჟი "ფაქტობრივად ელოდებოდა" მიტროპოლიტის მანქანას. მისი თქმით, პოლიციამ არ წარმოადგინა გაჩერების მიზეზი და მათ არა მხოლოდ მძღოლისგან, არამედ მღვდლისგანაც მოითხოვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადვოკატის თქმით, ილარიონი ასევე წაიყვანეს ბენზინგასამართი სადგურის უკან მდებარე მაღაზიაში და არ მისცეს მანქანის ჩხრეკის დაკვირვების უფლება.
"აუცილებლად უნდა იყვნენ მოწმეები ან ვიდეოჩანაწერები. რამდენადაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, მსგავსი არაფერი არსებობს. ჩვენ ვხედავთ პროცედურული დარღვევების აშკარა ნიშნებს. პოლიცია მაშინვე მიერმართა საბარგულისკენ - თითქოს იცოდნენ სად უნდა ეძებნათ. თუ მთელი მანქანა გაჩხრიკეს, რატომ არ შეამოწმეს პირადი ნივთები და ჩანთები?," - განაცხადა ადვოკატმა.
ილარიონის Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიტროპოლიტს უცნობი პირები ემუქრებოდნენ, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ მსახურების ადგილის დატოვებას. განცხადების მიხედვით, სავარაუდოდ, მუქარა "პოლიტიკურად მოტივირებული იყო."




