რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასიური შეტევა მიიტანეს. დარტყმის სამიზნე მიკოლაივის, კიევისა და ოდესის ოლქები გახდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ღამის დარტყმების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა. ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები ოლქის რამდენიმე რაიონში ჩამოცვივდა, რამაც ხანძრები და მცირედი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ოდესის ოლქზე თავდასხმამ რეგიონის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოიცვა. ოპერატიული სამსახურები შედეგების ლიკვიდაციას ახდენენ, ხოლო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ დგინდება.
ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციები მოუწოდებენ მოსახლეობას, საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებში დარჩნენ და სოციალურ ქსელებში არ გაავრცელონ საჰაერო თავდაცვის მუშაობის ან დარტყმების ამსახველი კადრები.




