რუსეთის სამოქალაქო ავიაცია საწვავის სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 26-მა მსხვილმა აეროპორტმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე მკაცრი ლიმიტები დააწესა. აერონავიგაციური ინფორმაციის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი წესების მოქმედების ვადა ერთიდან შვიდ თვემდე პერიოდს მოიცავს.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები სხვადასხვა ფორმით მოქმედებს:
უცხოური ავიაკომპანიებისთვის: 26 აეროპორტიდან 15-ში ლიმიტები მხოლოდ უცხოურ გადამზიდავებს შეეხო. მათ ნება აქვთ, ერთჯერადად, მხოლოდ ერთი კონკრეტული ფრენისთვის აუცილებელი საწვავი ჩაასხან.
რუსული და საერთაშორისო კომპანიებისთვის: ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ზოგიერთ მსხვილ საჰაერო ჰაბში (მაგალითად, სოჭში, ვოლგოგრადსა და ასტრახანში) მკაცრი შეზღუდვები შემოღებულია ყველა ოპერატორისთვის. სანქტ-პეტერბურგის "პულკოვოში" კი თვითმფრინავების ავსება დამატებითი მოცულობების გარეშე ხორციელდება. ასეთივე ზომები ვრცელდება ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა ყაზანი, ეკატერინბურგი, უფა, ვლადივოსტოკი, ირკუტსკი და სხვა.
კრიზისის მთავარ მიზეზს რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული სისტემური თავდასხმები და სარაკეტო იერიშები წარმოადგენს, რამაც საწვავის წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირა.
ვითარების განსამუხტავად რუსეთის მთავრობამ უკვე შემოიღო საავიაციო საწვავის ექსპორტის აკრძალვა, თუმცა ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ საწვავის ლიმიტები და მაღალი ფასები შენარჩუნდება მანამ, სანამ დაზიანებული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების სრული აღდგენა და რეაბილიტაცია არ დასრულდება.




