რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.
„მაღალი ბიოთავდაცვის მქონე აღნიშნული ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და, მის ინტერესებიდან გამომდინარე,გამოიყენება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკრობების შესასწავლად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. რუსეთის საგარეო უწყება აპელირებსბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას(BTWC) და აღნიშნავს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად აშშ-ი არ აწვდის რუსეთს ინფორმაციას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ორმაგი დანიშნულების საქმიანობის შესახებ. „ლუგარის სახელობის ცენტრის საქმიანობა იწვევს სერიოზულ შეკითხვებს აშშ-ის მხრიდან BTWC-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევი მიკრობების მწერების საშუალებით გადატანის მიმართულებით. აღნიშვნის ღირსია, რომ აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო მფრინავი აპარატი დაინფიცირებული კოღოების ჰაერში გასავრცელებლად. ამას გარდა, გაიცა პატენტი საბრძოლო მასალების წარმოებაზე, რომლებიც მომწამვლელი ნივთიერებით ან ინფექციური აგენტებით იქნება დამუხტულია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყება ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ 2018 წლის 14-15 ნოემბერში ჩატარებული შემოწმების სანდოობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, ლუგარის ცენტრის „ნამდვილ შემოწმებას“ რუსი ექსპერტების მიერ, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ „გარანტია შევიდნენ ყველა კორპუსში, მათ შორის შენობაში, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ“.