ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი.

Sky News-ის ცნობით, სუნაკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულეს პოლიციის დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ოპერატიული ამოცანების შესრულებისას და მის მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვაში.

ასეთი ბრალდებების მიზეზი გახდა ბრავერმანის სტატია, რომელშიც ის აკრიტიკებდა პოლიციის ქმედებებს პალესტინის მხარდამჭერი აქციების დროს.

8 ნოემბერს The Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მინისტრი ამტკიცებდა, რომ ბრიტანულ პოლიციას ჰყავს „ფავორიტები“ და ის ბევრად ლმობიერია მემარცხენე, პროპალესტინელი მომიტინგეების მიმართ, ვიდრე მათი ოპონენტების. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ბრავერმანის ზოგიერთმა კოლეგამ აღიქვეს ეს, როგორც სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელ მარკ როულიზე ზეწოლის მცდელობა 11 ნოემბერს დაგეგმილი პროპალესტინური მსვლელობის წინ.