8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ "აგენტების კანონს".

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“.

იოზვიაკის ინფორმაციითვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი სულ უფრო მეტად ღელავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და სურთ, რომ ევროკომისიამ არაერთი საკითხი შეისწავლოს და განიხილოს ქვეყანასთან მიმართებით. მათ შორისაა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების/ფინანსური დახმარების საკითხი და, ასევე, დამატებითი - სავარაუდოდ, შუალედური - ანგარიში (მორიგი ანგარიში ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს).