Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის გარკვეულ რეგიონებში ძლიერმა გვალვამ, ფასების ნელმა ზრდამ და უფრო მყარმა რუბლმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორი წნეხის ქვეშ მოაქცია, რის ფონზეც რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავარდა.

ამის გამო რუსეთის მთავრობა, 10 ივლისს შესაბამისი ზომების მიღება ბრძანა, რათა სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტის გაზრდა მოხდეს. განცხადების მიხედვით, პრემიერმინისტრის მოადგილემ, დმიტრი პატრუშევმა სოფლის მეურნეობაში ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ "დროულად მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს პოზიტიური საექსპორტო დინამიკა".

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას უბრძანა, რომ 2030 წლისთვის ექსპორტი 50%-ით იყოს გაზრდილი. თავის მხრივ, პატრუშევმა კი ოფიციალურ პირებს ამ სამიზნე მაჩვენებლის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა. 

კვლევითი კომპანია Sovecon-ის გათვლებით, ივლისში რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი 2.0 მილიონიდან 2.5 მილიონ ტონამდე იქნება, რაც ჩამოუვარდება წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელს, როცა ხორბლის ექსპორტმა 3.67 მილიონი ტონა შეადგინა. სარკინიგზო გადამზიდი კომპანიის, Rusagrotrans-ის გათვლებით კი ივლისში ექსპორტი 2.4 მილიონიდან 2.6 მილიონ ტონამდე იქნება. 

ამას გარდა, სოფლის მეურნეობის ბაზრის კვლევების ინსტიტუტის (IKAR) უფროსმა, დმიტრი რილკომ Reuters-ს განუცხადა, რომ ხორბლის ექსპორტის სტაბილიზაცია ერთ კვირაში მოხდება, როცა ბაზარზე ახალი მოსავალი შემოვა. IKAR-ის პროგნოზით, ივლისში ხორბლის ექსპორტი 2 მილიონი ტონა იქნება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რაზინმა განაცხადა, რომ წელს მოსავლის აღება ცუდი ამინდის გამო გვიან დაიწყო, ზოგიერთ ადგილზე კი 2024 წელთან შედარებით 60%-ით ნაკლები მოსავალი აიღეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, მარცვლეულით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფერმერებს ამჟამად სამომავლოდ უფრო მაღალი ფასის მოლოდინში ხორბალი გასაყიდად არ გამოაქვთ, რადგან გლობალური ფასებისა და მყარი რუბლის გამო მათთვის ხორბლის მოყვანას მცირე მოგებიანობა აქვს. 

ამავდროულად, გასულ კვირას რუსეთში მარცვლეულის ექსპორტის გადასახადი ნულამდე დაეცა, რამაც შესაძლოა, ექსპორტს ხელი შეუწყოს. ამასთან, Reuters-ის ცნობით, რუსეთში გვალვის მიუხედავად მოელიან, რომ 2025 წელს მარცვლეულის მოსავალი 4%-ით გაიზრდება და 135 მილიონ ტონას შეადგენს და ასევე პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წელს ხორბლის ექსპორტი 45 მილიონი ტონა იქნება, წინა წლის 44 მილიონ ტონასთან შედარებით.