ირანი გეგმავს არ დაეთანხმოს აშშ-სთან ახალ ბირთვულ შეთანხმებას. თეირანი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი "ცალმხრივია" და არ ითვალისწინებს ისლამური რესპუბლიკის ძირითად ინტერესებს, კერძოდ, ურანის გამდიდრების უფლებას.
Reuters მოლაპარაკებების ჯგუფთან დაახლოებულ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანი "ამზადებს აშშ-ის წინადადების ოფიციალურ უარყოფას," რადგან ის არ მოიცავს ვაშინგტონის მხრიდან რაიმე დათმობას ირანის ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამერიკული წინადადება თეირანს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდ ბადრ ალ-ბუსაიდიმ გადასცა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებების ხუთი რაუნდის შემდეგ, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.
მთავარ დაბრკოლებებს შორისაა თეირანის უარი დაეთანხმოს აშშ-ის მოთხოვნას ურანის გამდიდრების შეჩერებისა და მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის მთელი მარაგის საზღვარგარეთ გატანის შესახებ, რადგან ამ ურანის გამოყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელადაც შეიძლება.
ირანი ასევე მოითხოვს აშშ-ის ყველა სანქციის დაუყოვნებლივ და სრულად მოხსნას, რომელიც 2018 წლიდან "ტერორიზმის ან იარაღის გავრცელების მხარდაჭერის" გამო არის დაწესებული.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ირანი ვერასდროს შექმნის ბირთვულ ბომბს. სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა ირანის რეჟიმს დეტალური და მისაღები წინადადება წარუდგინა და მისი მიღება მათ ინტერესებშია," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა.
Reuters-ის ცნობით, მისმა წყარომ აღნიშნა, რომ თეირანი დოკუმენტს "აბსოლუტურად ცალმხრივად" მიიჩნევს და ეს მისთვის "მიუღებელია."
ირანი აცხადებს, რომ მზადაა ურანის გამდიდრებაზე გარკვეულ ლიმიტებს დათანხმდეს, მაგრამ სჭირდება სანდო გარანტიები, რომ ვაშინგტონი უკან არ დაიხევს სამომავლო შეთანხმებიდან.