Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მოკავშირეების მხრიდან ირანთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების დიპლომატიური ინიციატივებზე უარი თქვა.
გამოცემა ასევე წერს, რომ ირანმაც, თავის მხრივ, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა გამორიცხა, სანამ აშშ და ისრაელი მის მოთხოვნებს არ დათანხმდებიან, რაც, მათ შორის, მათი მხრიდან იერიშების სამუდამოდ შეწყვეტასა და კომპენსაციას მოიცავს. Reuters-ს ორმა ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ რამდენიმე ქვეყანა კონფლიქტის დასრულებისთვის შუამდგომლობას ცდილობს.
Reuters-ის წყაროების თქმით, კომუნიკაციის არხის გახსნა, მათ შორის, ომანმა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა თეთრი სახლისგან უარი მიიღო. გამოცემა ასევე წერს, რომ დიალოგის დაწყება ეგვიპტემაც სცადა.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ტრამპმა მოლაპარაკებების დაწყების მცდელობებზე უარი თქვა და ომის გაგრძელებაზე არის კონცენტრირებული, რათა ირანის სამხედრო შესაძლებლობები დაასუსტოს.
"ის ამით ახლა არ არის დაინტერესებული და მისიის გაგრძელებას შეუნელებლად ვაპირებთ. შესაძლოა, ეს დღე ოდესმე დადგეს, თუმცა ახლა - არა". - თქვა მაღალჩინოსანმა გამოცემის მიხედვით.
გამოცემა სხვა ამერიკელ მაღალჩინოსანსაც ესაუბრა, რომელმაც ინფორმაცია ასევე დაადასტურა.
"პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანის ახალმა პოტენციურმა ხელმძღვანელობამ ლაპარაკის სურვილზე მიუთითა და ადრე თუ გვიან, დაგველაპარაკებიან. ამ ეტაპზე, ოპერაცია "ეპიკური რისხვა" შეუნელებლად გრძელდება". - თქვა მაღალჩინოსანმა.
ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ კონფლიქტის დასაწყისში ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ომანის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების დაწყება სცადეს, რომელშიც აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი იქნებოდა ჩართული.
მიუხედავად ამისა, ამ ძალისხმევას შედეგი არ გამოუღია და, გამოცემის სხვა წყაროს მიხედვით, ირანის პოზიცია უფრო ხისტი გახდა.
"რაც აქამდე იყო გადმოცემული დიპლომატიური არხების მეშვეობით, ახლა არარელევანტურია. გუშაგებს მტკიცედ სწამთ, რომ თუკი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაკარგავენ, ირანი ომს წააგებს. შესაბამისად, გუშაგები არანაირ ცეცხლის შეწყვეტას, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ან დიპლომატიურ ძალისხმევას არ დათანხმდებიან, ხოლო ირანის პოლიტიკური ლიდერები ამ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვებიან, რამდენიმე ქვეყნის მცდელობების მიუხედავად", - თქვა წყარომ Reuters-თან საუბრისას.








