აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ირანის ხელმძღვანელობა მეტწილად ხელუხლებელია და, აშშ-ისა და ისრაელის თითქმის ორკვირიანი დაუნდობელი დაბომბვების მიუხედავად, უახლოეს მომავალში რეჟიმის კოლაფსის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ს სამი ინფორმირებული წყარო აწვდის.

სააგენტოსთან მოუსაუბრე ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ მრავალრიცხოვანი სადაზვერვო ანგარიში მოიცავს „თანმიმდევრულ ანალიზს იმის შესახებ, რომ რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება“ და ის „ინარჩუნებს კონტროლს ირანელ ხალხზე“.

ნავთობზე მკვეთრად გაზრდილი ფასების გამო მზარდი პოლიტიკური წნეხის ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ აშშ-ის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას „მალე“ დაასრულებს. თუმცა, ომის მისაღები პირობებით დასრულება შესაძლოა გართულდეს, თუ ირანის რადიკალი ლიდერები პოზიციებს მყარად შეინარჩუნებენ.

დაზვერვის მონაცემები ხაზს უსვამს ირანის სასულიერო ხელმძღვანელობის ერთიანობას, მიუხედავად იმისა, რომ 28 თებერვალს, იერიშების პირველივე დღეს, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელელი მაღალჩინოსნებიც დახურულ შეხვედრებზე აღიარებენ, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ომი სასულიერო მმართველობის დამხობას გამოიწვევს.