ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის შვილი, ადამ კადიროვი, Instagram-ზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "გატაცებით" დაემუქრა.
უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო პოლიტიკის კომენტირებისას, დაუშვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რამზან კადიროვის გატაცების შესაძლებლობა და ეს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებას შეადარა.
საპასუხოდ კადიროვმა ემოციური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ზელენსკი აშშ-ის ხელისუფლებას მისი გატაცებისკენ მოუწოდებს, თავად კი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ ბედავს.
კადიროვის ვაჟმა, ადამმა, რომელსაც მედია ჩეჩნეთის ლიდერის მემკვიდრედ მოიხსენიებს, 8 იანვარს Instagram-ზე დაწერა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ან მამამისი "სიტყვას იტყვიან," ზელენსკის "ყველგან იპოვიან" და "ეს მხოლოდ დროის საკითხია."
"ჩვენ არ გამოვაცხადებთ ოპერაციებს. უბრალოდ მოვალთ და წაგიყვანთ და აქ ჩამოგიყვანთ, გროზნოში," - დაემუქრა უმცროსი კადიროვი.
მის განცხადებას გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დეპუტატი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანტონ გერაშჩენკო.
"კადიროვის ნაშიერი, რომელსაც ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი უკავია, ძალიან განაწყენდა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე მამამისის შესაძლო გატაცების შესახებ," - დაწერა გერაშჩენკომ Telegram-ზე.
"საინტერესოა, როგორ აპირებს პატარა კიევში ჩამოსვლას? ძაღლების მარხილით ხომ არა?"




