რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ფინეთს შორის ყველა დავა დიდი ხანია მოგვარებულია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემები არ ყოფილა, მაგრამ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად ეს პრობლემები გაჩნდება.

”ადგნენ და შეიყვანეს ფინეთი NATO-ში. გვქონდა თუ არა რაიმე დავა ფინეთთან? ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული ხასიათის, დიდი ხნის წინ, მე-20 საუკუნის შუა ხანებში, მოგვარდა. ჩვენ გვქონდა ყველაზე კეთილი, ყველაზე გულწრფელი ურთიერთობა," - მან პუტინმა.

რუსეთის დიქტატორმა აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემები არსებობდა სატყეო კომპლექსში, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის შიგნით ხე-ტყის გადამუშავების  განვითარების აუცილებლობასთან, მაგრამ ისინი ამით შემოიფარგლნენ. რუსეთის ლიდერის თქმით, ეს "წვრილმანი და სისულელეა".

„პრობლემები არ ყოფილა, ახლა იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ რუსეთი დაიწყებს ლენინგრადის სამხედრო ოლქის შექმნას და იქ გარკვეული სამხედრო ნაწილების კონცენტრირებას. „და რაში სჭირდებოდათ ეს?“ - იკითხა პუტინმა.