დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტისა, აუცილებელია, დასავლეთი უკრაინაზე ფოკუსირდეს.
"ვიცით, რომ თუ პუტინს აქ არ შევაჩერეთ, ის მეტის წასაღებად დაბრუნდება, ამერიკის მტრები კი გაიხარებენ" – თქვა კამერონმა აშშ-ში Sky News-თან საუბრისას.
კამერონი ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის რამდენიმე მილიარდიან დახმარების პაკეტის დაბლოკვა აშშ-ს "ნაკლებად სანდო" პარტნიორად აქცევს.
აშშ–ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის უკრაინისთვის და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებდა.
კერძოდ, 6 დეკემბერს სენატში დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დასაწყებად საჭირო პროცედურული კენჭისყრა ჩატარდა. მომხრე 49 სენატორი იყო, წინააღმდეგი - 51. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო 100-დან, სულ მცირე, 60 სენატორის მხარდაჭერა. ხმა წინააღმდეგ მისცეს ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა, დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა და ბოლო მომენტში სენატის დემოკრატმა სპიკერმა ჩაკ შუმერმაც, რათა "შესაძლებლობა ჰქონდეს სენატს მიმართოს საკითხის გადახედვის წინადადებით".
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატი გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტის დაბლოკვის შესახებ "გამაოგნებელსა და საშიშს" უწოდებს.
მან რესპუბლიკელები მწვავედ გააკრიტიკა:
„სიტყვა-სიტყვით რომ ვთქვა, ისინი მზად არიან, უკრაინა ბრძოლის ველზე დააჩოქონ და ამ პროცესში ზიანი მიაყენონ აშშ–ის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა:
„თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, დანარჩენი მსოფლიო რას გააკეთებს?!".
რესპუბლიკების მწვავედ გაკრიტიკების შემდეგ ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მზადაა "მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდეს საზღვრის საკითხზე, თუ ეს არის ის, რაც საჭიროა ამ პაკეტის საბოლოოდ დასამტკიცებლად".