ბოლო მონაცემებით, პოლტავაში რუსული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. მანამდე 51 ადამიანის დაღუპვის შესახებ იყო ცნობილი, თუმცა მაშველები აგრძელებდნენ ნანგრევებში ადამიანების ძებნას.

განახლებული მონაცემები უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, დაშავებულია 297 ადამიანი. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5 ადამიანი იმყოფებოდეს.

3 სექტემბერს რუსეთმა პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად განადგურდა კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. დაღუპულთა რაოდენობის გათვალისწინებით, პოლტავის დაბომბვა ომის დაწყების დღიდან ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იერიშია.