პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს.

"სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ამ თემის განსახილველად. შეხვედრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განუცხადა სლოვაკეთის მთავრობის პრესსპიკერმა CNN-ს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. თუმცა, პოლონეთის ლიდერებმა დასძინეს, რომ ეს საკითხი არ აისახება უკრაინის მიმართ მათ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთის სოფლები კრიზისის წინაშე დგანან და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას, იგი იძულებული გახდა, ფერმერების დასაცავად ემოქმედა.

პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა ვალდემარ ბუდამ აღნიშნა, რომ ორი მხარე მოლაპარაკებას გამართავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატრანზიტო საქონელი პოლონეთში არ დარჩება.

კიევმა განაცხადა, რომ აკრძალვა არღვევს მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს.

ამავდროულად, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ.

ვარშავამ და ბუდაპეშტმა განაცხადეს, რომ აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.