პოლონეთმა და უნგრეთმა გადაწყვიტეს, აკრძალონ მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი მეზობელი უკრაინიდან - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გადაწყვეტილება პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ადგილობრივი აგრარული სექტორის დასაცავად მიიღეს, მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მიწოდების ინტენსივობამ ფასები მთელ რეგიონში შეამცირა.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რეგულაციის შესახებ, რომელიც კრძალავს პოლონეთში მარცვლეულის შემოსვლას, იმპორტს, ასევე ათეულობით სხვა სახის საკვების შემოტანას", - თქვა პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ.

უკრაინამ განაცხადა, რომ "სხვადასხვა საკითხების ცალმხრივი მკვეთრი ქმედებებით გადაწყვეტა არ დააჩქარებს სიტუაციის პოზიტიურ მოგვარებას".

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლონეთის აკრძალვა ეწინააღმდეგება არსებულ ორმხრივ შეთანხმებებს ექსპორტზე და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გვესმის, რომ პოლონელი ფერმერები რთულ ვითარებაში არიან, მაგრამ უკრაინელი ფერმერები ამჟამად ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან", - ნათქვამია მის განცხადებაში.

საპასუხოდ, პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ რჩებიან უკრაინის უცვლელ მეგობრებად და მოკავშირეებად, მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ მას, მაგრამ "ყოველი სახელმწიფოს, ყველა ხელისუფლების, მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაიცვას თავისი თანამოქალაქეების ინტერესები".

იაროსლავ კაჩინსკის თქმითვე, პოლონეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს მარცვლეულის საკითხის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება უნგრეთს -  პრემიერ ორბანის მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ხელახლა განიხილავს უკრაინულ პროდუქტზე იმპორტის გადასახადების გაუქმების საკითხს.

ვარშავამ და ბუდაპეშტმა განაცხადეს, რომ აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.