უნგრეთმა 2024 წლის გაზაფხულზე სამი ჩინური ბანკიდან 1 მილიარდი ევრო ისესხა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სესხია,- წერს Politico.
ჩინეთის განვითარების ბანკის, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და ჩინეთის ბანკის უნგრეთის ფილიალის მიერ გაცემული სესხი უნგრეთმა სრულად გამოიყენა და სამი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის მიერ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი.
"სესხის ხელშეკრულება, სხვა საკითხებთან ერთად, იძლევა ინვესტიციების დაფინანსების საშუალებას ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ სექტორში. შეთანხმება საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან 28.9%-ის ფარგლებში," - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებას სესხის სხვა დეტალები, კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი და დაფარვის გრაფიკი არ გამოუქვეყნებია.
უნგრეთის სახელმწიფო ვალის რეკორდული ზრდის ფონზე - 140 მილიარდ ევრომდე (მშპ-ს 73.5%), ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 6.7%-ია, პარალელურად ბრიუსელთან დაპირისპირების გამო უნგრეთისთვის ევროკავშირის ფონდების ნაწილი დაბლოკილია. პარალელურად, ბუდაპეშტი უახლოვდება პეკინს, რასაც მოწმობს მაისში სი ძინპინის ვიზიტი უნგრეთში, რომლის დროსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს მრავალ შეთანხმებას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.