აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ სიარტოსთან და იგი დაარწმუნა, არ დაებლოკა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები - იტყობინება Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
იანვარში უნგრეთი მზად იყო, დაებლოკა იმ სანქციების გახანგრძლივება, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს, თუმცა ვაშინგტონის თხოვნით, თანხმობა განაცხადა მათი კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივებაზე - წერს გამოცემა.
უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთგზის აქვთ გამოცხადებული მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ და გაკრიტიკებული ჰყავთ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები - ბუდაპეშტის მტკიცებით, ამ ქვეყნებს არ სურთ უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე მუშაობა. ის, რომ სანქციების გახანგრძლივების საკითხში ვაშინგტონმა ბუდაპეშტზე ზეწოლა განახორციელა, იყო სასიამოვნო მოულოდნელობა ევროკავშირის იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც რუსეთთან მიმართებით მკაცრ კურსს უჭერენ მხარს - წერს Politico.
ამავე დროს, გამოცემის თანახმად, აშშ-მა შესაძლოა, მხარი დაუჭიროს რუსეთზე დაკისრებული სანქციების შესუსტებას ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების მსვლელობისას. სანქციების საკითხში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ვლადისლავ ვლასიუკი გამოცემასთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ კიევი მზად იქნება, მხარი დაუჭიროს სანქციების მოხსნას იმ შემთხვევაში, თუკი ეს შედეგად მოიტანს აგრესიის დასრულებას და მყარი მშვიდობის დამყარებას, რომლის ნაწილიც იქნება კომპენსაციების გაღება აგრესიის მსხვერპლთათვის.