უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 30 აპრილს Twitter-ზე კომენტარი გააკეთა გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებაზე, რომ მისმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ "არ იმუშავა, მაგრამ სწორი იყო".

პოდოლიაკის თქმით, მან თავისი ქმედებებით არა მხოლოდ ვერ შეაჩერა რუსეთის აგრესია უკრაინაში, არამედ ევროპა მთლიანად დამოკიდებული გახადა რუსეთის ენერგორესურსებზე.

"ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ რუსეთს ომი არ დაეწყო და ამიტომ მივიღე... იაფფასიანი რუსული გაზი. საოცრებაა პირდაპირ. ომი ჯერ ხომ არ დაწყებულა, არა?" – ამბობს პოდოლიაკი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ასევე აკრიტიკებს მერკელის მოწოდებას აგრესორთან კომპრომისის მოძიებაზე.

"ყველა პუტინის მსგავსად არ ფიქრობს. ერთი კითხვა მაქვს: მოლაპარაკებები რაზე? ისევ რუსეთის ფედერაციის იაფფასიან გაზზე? მაგრამ ეს ხომ უნდა იყოს უკრაინის დანგრეული ტერიტორიების და ასობით ათასი უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლის ფასი? და მთავარი კითხვა - მოლაპარაკებები ვისთან? ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო ომის დამნაშავეებთან?" - ნათქვამია შეტყობინებაში.

პოდოლიაკი გაოცებულია, რომ 430-დღიანი სასტიკი ომის შემდეგ შეიძლება "ასე ღრმად შეურაცხყო თავისუფლება, ასე ღიად უგულებელყო რუსული ხოცვა-ჟლეტა და ასე ღიად გძულდეს უკრაინის თავდაცვის უფლება".

"თუ წარსულის შეცდომების გამოსწორება არ შეგიძლია, უბრალოდ შეწყვიტე თავის მართლება და აგრესორის წახალისება", - მიმართა მან მერკელს.

29 აპრილს, Die Zeit-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, გერმანიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თქვა, რომ მისი ძალისხმევა 2014 წელს მშვიდობიანი მოგვარებისთვის იყო რეალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეეძლო კონფლიქტის მოგვარება და სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილება და ის ფაქტი, რომ ამან არ იმუშავა "არ არის იმის დასტური, რომ მცდელობა არასწორი იყო".

მან უარი თქვა იმის პროგნოზირებაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ მხარეებს მოუწოდა, რომ გადავიდნენ ისეთი სცენარისკენ, რომელშიც სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება შესაძლებელი.