"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:

- ვფიქრობ, შეგვიძლია ვისაუბროთ ორმაგ სტანდარტებზე, რადგან უნგრეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კარგად დაინახა, როგორ მოქმედებს ევროკავშირი სუვერენიტეტისა და მთლიანობის წინააღმდეგ, და ასევე ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ. საქართველო ახლა ისეთივე სამიზნეა, როგორც უნგრეთი. ჩემი კითხვაა: როგორ ფიქრობთ, რატომ აიგივებს ევროპამ ავტომატურად იდენტობის დაცვას პრო-რუსულობასთან? ისინი პრო-რუსულს უწოდებენ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია სუვერენიტეტთან, რაც დაკავშირებულია დემოკრატიულ ფასეულობებთან და ასევე ხალხის ფასეულობებთან. ყველა მთავრობა, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს მათთვის პრო-რუსულია.

"იმიტომ, რომ მათ სინამდვილეში არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. ასე ხდება — ბრიუსელს და ამ ლიბერალურ მეინსტრიმს მოსწონს საკუთარი თავის ისე წარმოჩენა , თითქოს ისინი იყვნენ ერთადერთი პროგრესული, ტოლერანტული, დემოკრატიული, წარმატებული და ლეგიტიმური პოლიტიკური საზოგადოება. და როდესაც ისინი დგებიან ფაქტის წინაშე, რომ არსებობს არალიბერალური, ან კონსერვატიული, პატრიოტული, ქრისტიანული, ანტი-მეინსტრიმული პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ასევე წარმატებულია — ეს კლავს მათ ნარატივს, რადგან მათი ნარატივი დაფუძნებულია ექსკლუზიურობაზე. ბიუროკრატები ამბობენ, რომ მხოლოდ ისინი არიან წინა ხაზზე, და როგორც კი სხვა გამოჩნდება სრულიად განსხვავებული ფასეულობით, მაგრამ წარმატებული — მათ ეს სძულთ. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ამის მიღება და არ აქვთ არგუმენტი. ამიტომ, როდესაც მე ბრიუსელში ნებისმიერ საკითხს ვწევ, მაგალითად — მოდით ვნახოთ პროფესიულ, ფაქტებზე დაფუძნებულ საფუძველზე, იმუშავა თუ არა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ, თუ სანქციებმა უფრო მეტად ჩვენ დაგვაზარალა — პასუხი არ არის ისეთი, რომ "კარგი, მოდით შევაფასოთ, გავაკეთოთ ანალიზი და ვუჩვენოთ პიტერს, რომ ის ცდება". არა, მათი პასუხია, რომ მე ვარ პუტინის მარიონეტი. ასე რომ, ინტელექტუალურობის დონე ევროპულ პოლიტიკურ დებატებში ახლა ძალიან დაბალია, რადგან როგორც კი ცდილობთ მეინსტრიმიდან ოდნავ გადახრას ან მეინსტრიმის წინააღმდეგ წასვლას, მაშინვე მიიჩნევით რუსეთის ჯაშუშად, პუტინის მეგობრად, ლავროვის მეგობრად, კრემლის პროპაგანდისტად და ა.შ. ტრაგიკული რომ არ იყოს, გავიცინებდი. მაგრამ ამას ევროპა ტრაგედიამდე მიჰყავს, სამწუხაროდ, რადგან ევროპა სულ უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანია, ევროპა სულ უფრო ნაკლებად უსაფრთხოა, ევროპა სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველია", - აცხადებს სიიარტო.