ევროკავშირში არსებულ გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, "რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.

ბატონო მინისტრო, მე პირველად ვარ აქ, უნგრეთში, და მინდა ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენი დედაქალაქით. ბუდაპეშტი ძალიან ლამაზია. უამრავი ტურისტი სეირნობს ქუჩებში. ეს მიჩენს განცდას, რომ ქვეყანა ვითარდება და აქ ყველაფერი რიგზეა. აქედან გამომდინარეობს ჩემი პირველი კითხვაც - როგორ უმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომლებსაც ვხედავთ ევროკავშირში, რომლებსაც ვხედავთ მსოფლიოში, როცა ყველაფერი საკმაოდ ქაოტურია, აქ კი, ბუდაპეშტში, სიმშვიდეა?

"მოხარული ვარ, რომ ასე გამოიყურება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად დიდი ძალისხმევა გვჭირდება ამ ვითარების შესანარჩუნებლად. საკმაოდ ამაღელვებელ დროში ვცხოვრობთ, ეჭვგარეშეა. ბოლო ათწელნახევარი სავსე იყო კრიზისებით. ხშირად გიჟური, მართლაც მოულოდნელი კრიზისებით. გამოწვევები, რომლებიც ამ კრიზისებმა წარმოშვა, იყო ძალიან მძიმე. ვერავინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში ევროპაში ვნახავდით ომს, გლობალურ პანდემიას, ფინანსურ კრიზისს და არალეგალური მიგრაციის მასიურ ტალღას. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოწვევები. ჩვენ ყველა ამ გამოწვევას გავეცით ჩვენი, საკუთარი, უნგრული პასუხი.

უნგრული პასუხი, რომელიც სრულიად, სრულიად ეწინააღმდეგება ევროპულ მეინსტრიმს. რაც შეეხება ფინანსურ კრიზისს — ჩვენ ისე მოვაწყვეთ ჩვენი ეკონომიკა, რომ რადიკალურად შევამცირეთ საგადასახადო ტვირთი შრომაზე. რაც შეეხება მიგრაციას — მისი მართვის ნაცვლად, ჩვენ ის შევაჩერეთ. ასევე, უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც თავისუფალია არალეგალი მიგრანტებისგან. რაც შეეხება კოვიდს — აშკარა იყო, რომ ევროკომისია ვერ ახერხებდა სიტუაციის მართვას. ამიტომ ჩვენ აღმოსავლეთში შევიძინეთ ვაქცინები, რამაც ხალხი და ქვეყანა გადაარჩინა.

რაც შეეხება ომს — ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც არასდროს მიუწოდებია არანაირი იარაღი უკრაინისთვის. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ძალიან მკაფიოდ საუბრობს მშვიდობის აუცილებლობაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა და მთავრობა, რომელიც ძალიან ნათლად ამბობს, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება და მით უფრო მეტი ტანჯვა იქნება. ჩვენი მიზანია, რომ არ ჩაგვითრიონ ამ ომში. ასე რომ, ჩვენ გავეცით ყველას უნგრული პასუხი, რაც საბოლოო ჯამში წარმატებული აღმოჩნდა და დაგვეხმარა ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში კრიზისული პერიოდების დროსაც კი," - აცხადებს სიიარტო.