უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა და კიევი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის მთავრობამ, სავარაუდოდ, არჩევნებში ჩარევის „ღია, უსირცხვილო და აგრესიული კამპანია“ ჩაატარეს.

სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავლის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ უნგრელ ხალხს ეკუთვნის.

„დღეს ჩვენ დავიბარეთ უკრაინის ელჩი ბუდაპეშტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ არ შევეგუებით უნგრეთის არჩევნებში რაიმე ჩარევას, მათ შორის უკრაინის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს შედეგებზე და ჩაერიოს საარჩევნო პროცესში პარტია „ტისას“ სასარგებლოდ. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის მთავრობა ჩაერთნენ ღია, უსირცხვილო და აგრესიული ჩარევის კამპანიაში. მათი მიზანი ნათელია: გავლენა მოახდინონ უნგრეთის არჩევნებზე პარტია „ტისას“ სასარგებლოდ, მაგრამ მხოლოდ უნგრელ ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს უნგრეთის მომავალი. ეს გადაწყვეტილება მიიღება უნგრეთში და არა ბრიუსელში და რა თქმა უნდა, არა კიევში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს ყველა შესაძლო საშუალებით!“ – განაცხადა მან.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. Zavecz Research-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისა“ ვიქტორ ორბანის პარტიასთან, „ფიდესთან“ შედარებით ათი პროცენტული პუნქტით ლიდერობს.

თარგმანი: პირველი არხი